"ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ, არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მივიღებდი"
07/10/2021 12:36:48 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებდა, "რათა ხელისუფლებას ძვირად დასჯდომოდა იმ 43%-ის გადალახვა", რომელიც, მისი შეფასებით, "სინამდვილეში არ გადაულახავს".
„ანუ ახლა ჩვენ ვართ დილემის წინაშე, რომ, ერთის მხრივ, არ ვაღიარებთ იმას, რომ 43 %–ზე მეტი აიღო ხელისუფლებამ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მივდივართ მეორე ტურებში. ამას გარკვეული გამართლება აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება ყველამ, რომ არ გაგვემწვავებინა კიდევ სიტუაცია და რაღაც ბოლო შანსი გამოგვეყენებინა არჩევნების გზით იმისა, რომ დაგვემტკიცებინა ის, რომ ნამდვილად „ქართული ოცნება“ არ ფლობს ისეთ მხარდაჭერას, როგორზეც ლაპარაკობს და რა ციფრებსაც წერს. თუმც ისეთი მძიმე რესურსი აქვს ხელისუფლებას, უზარმაზარი ფინანსური რესურსის სახით, უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის სახით და დაშინების სახით, რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება მეორე ტურების სახით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
ამასთან, მან მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია ყველგან დაუჭერს მხარს მეორე ტურებში გასულ ოპოზიციონერებს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას.
ამასთან, 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.


