"ქართული ოცნებისა" და ენმ–ის რეაქცია გახარიას პარტიის შეთავაზებაზე
07/10/2021 14:15:36 პოლიტიკა
"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმიანებიან ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" შეთავაზებას საკრებულოების დასაკომპლექტებლად სამმხრივ მოლაპარაკებების თაობაზე.
ენმ–ში დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკება უფრო აქტუალური არჩევნების მეორე ტურების შემდეგ იქნება.
"ღია დიალოგზე მზად ვართ. ნიკა მელიამ ისედაც განაცხადა, რომ გვინდა ადგილობრივ დონეზე შევქმნათ მოდელი, რომ იყოს მრავალპარტიული მმართველობა და არა ერთპარტიული მმართველობა", – განაცხადა გია ბარამიძემ.
მისი თანაპარტიელი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ "მეორე ტურების შემდეგ როდესაც სურათი გამოიკვეთება, იქნება მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა დავადგინოთ კოალიციური მმართველობა თბილისსა და სხვა ქალაქებში”.
როგორც ენმ–ის კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, ახლა გახარიამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საბოლოოდ გახდეს ნათელი - არის ის ოპოზიციაში თუ "ბიძინა ივანიშვილის პროექტია":
"ბუნებრივია რომ ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე. თუმცა არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის არის ოპოზიცია, არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის პროექტი. რა თქმა უნდა, ამის დამტკიცების შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება ყველგან საკრებულოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე. საჯარო იქნება თუ არა საჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, მთავარია რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან".
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ის გახარიას პარტიასთან დიალოგს გამორიცხავს.
“ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, ის არის მიუღებელი. მმართველი პარტიისთვის დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ისეთ ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირებულები არიან, ერთის მხრივ, ღალატთან, მეორეს მხრივ, ძალადობასთან (ვგულისხმობ ენმ-ს), ჩვენთვის არ არის მისაღები”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


