ევროპარლამენტარები – ღარიბაშვილზე: "EU-ში ასეთ განცხადებას დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა"
07/10/2021 18:47:20 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან.
"ჩვენ ვიზიარებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებას, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის არათანაბარი სამოქმედო პირობების თაობაზე. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებული შეშფოტების საგნად რჩება მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ვეთანხმებით აშშ–ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმად, არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტს. საარჩევნო პროცესში დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი", – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიება ევროპული სამართლის პრინციპების შესაბამისად ჩატარდება. ამასთან, ისინი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ:
"მოველით, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოში დაწყებული გამოძიება ევროპული სამართლის პრინციპების შესაბამისად ჩატარდება. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯაროდ გაჟღერებული მუქარა სააკაშვილის მიმართ, რომლის თანახმად, მის მიმართ დამატებითი ბრალდებები იქნება წარდგენილი, თუკი ის "კარგად არ მოიქცევა". ეს აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუსაბამოა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს სამართლიანობის პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებსა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადება, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან, გამოიწვევდა მის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ–მინისტრისა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან პირადი თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე, უბრალოდ ამაზრზენია. მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე, ვერავინ ნახავს, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტიის ლიდერები ასე იქცეოდნენ. მომწიფებული დემოკრატია და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, დაიწყონ ხიდების შენება, რაც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის პროცესს შესაძლებელს გახდის, ქვეყანა დაუბრუნდება პრო-ევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირებული იქნება ქვეყნის განვითარების ასე საჭირო პროგრესის მიღწევაზე, რაც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გაანიავოს უკვე მიღწეული შედეგები. ერთ მხრივ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა გავაგრძელოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მოვა მხოლოდ მმართველი პარტიის, ოპოზიციის ერთობლივი, თანმიმდევრული ძალისხმევით და ყველა პრო-ევროპული პოლიტიკური ძალის მუშაობის, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის ძლიერი სურვილის ასრულებისაკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი".


