ანზორ მელია: "მივმართავ მთავრობას, დამრთონ ნება როგორც ექიმს, მოვინახულო ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი"
08/10/2021 05:22:26 პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შესვლის უფლებას სთხოვს.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და მისთვის ახლა ექიმის ყურადღება უმნიშვნელოვანესია.
"მიმაჩნია, რომ არაფერი არ გვეშველება მანამ, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიხვდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს მოკლული ან დაჭერილი. არ გვყავს ჩვენ დასაკარგი პრეზიდენტები. ყველა პრეზიდენტმა მითუმეტეს, პირველმა და მესამემ ძალიან ბევრი რამე გააკეთეს საქართველოსთვის. ბატონი მიშას ჩამოსვლა და ასე მშვიდობიანად ჩაბარება ეს იყო გმირობის ტოლფასი. მაგას საქართველო რომ უყვარს, ამაში უმრავლესობა დარწმუნებულია იმიტომ, რომ შეუძლებელი რაღაც გააკეთა იმ წლებში, როცა საქართველო არც ევროპის და არც მსოფლიო ორბიტაზე არ იმყოფებოდა. [...] იყო ძალიან დიდი პროგრესი, მართალია, იყო შეცდომები დაშვებული, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ამას, რამდენი რაღაც შეძლო ამ ადამიანმა. ნახევარი გამყიდველი ახლა "ოცნების" სკამებზე ზის. არ შეიძლება ჩვენ არ ვცეთ პატივი ჩვენს პრეზიდენტს. მივმართავ მთავრობას, რომ დამრთონ ნება როგორც ექიმს, მოვინახულო ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. იგი შიმშილობს ხალხო და რეზერვები ამოუწურავი არ არის, არ შეიძლება, რომ ბატონი მიშა ექიმმა არ მოინახულოს. ვთხოვ დამრთოს ნება, არანაირ პოლიტიკაზე არ იქნება ლაპარაკი, მე როგორც სპეციალისტს, მინდა, ვნახო ხომ არ მოელის ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გართულება, რომელიც გამოუსწორებელი იქნება მომავალში“, – აცხადებს ანზორ მელია.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.


