
როს უილსონი TBC ბანკის საქმეზე: “ჩვენ და სხვა დიპლომატები გარკვეული შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას"
26/02/2019 13:52:37 სხვა, სამართალი
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი აცხადებს, რომ ის და სხვა დიპლომატები “გარკვეული შეშფოთებით” აკვირდებიან “თიბისი ბანკის” საქმეს, რადგან ამას გავლენა აქვს ქვეყნის რეპუტაციაზე ბიზნესის კეთების კუთხით.
“ჩვენ და სხვა დიპლომატები ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას გარკვეული შეშფოთებით, რადგანაც ამას აქვს გავლენა საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის კარგი ადგილის, რეპუტაციაზე. არ მინდა კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბრო, თუმცა ჩვენ ნათლად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება და დავაფიქსირეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადაწყდება და როგორ იქნება ახსნილი ეს მიმდინარე მოვლენები როგორც საბანკო საკითხების, ისე სამართლებრივი საკითხების თვალსაზრისით”, – განაცხადა როს უილსონმა.
TBC ბანკის საქმე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათივე თქმით, ისინი წყვეტენ სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და ჯარიმას და მარეგულირებლის მიერ დაკისრებულ ჯარიმას - ერთ მილიონ ლარს გადაიხდიან.
"ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.
აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე
მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.
მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.
ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.
ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.
დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.
სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.
როგორც ვიცით, პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, მათი ვერსიით, 2008 წელს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკს, რომელიც დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, $17-მილიონიანი ზიანი მიაყენეს.
პროკურატურის ბრალდებაზე TBC ბანკის მენეჯმენტის პასუხი იყო ის, რომ მათ აღნიშნული $17 მლნ, ჯამში კი, 80 ლნ დოლარი ბანკის კაპიტალის შევსებას მოახმარეს.
თავად გენერალური პროკურატურა კი, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" დამატებით კითხვებს არ პასუხობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021