"მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები"
08/10/2021 12:40:19 პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევის მიზეზის აუცილებლად დადგინდება.
„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის [16:20 საათისთვის] დაშავებულთა და მსხვერპლთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
ჩამონგრეულ კორპუსში ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა. 7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს ჰქონდა ასევე მოგვიანებით მიშენებული ლიფტის კონსტრუქცია.
როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.
მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:
"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.
შსს–ს ცნობით, ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაზარალებულებზე ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, უწყებას შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს:
"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება".


