რეგიონი ახალი დაპირისპირების ზღვარზე  და საქართველოს ამოცანები

08-10-2021 16:53:03 კავკასია ,ინტერვიუ

ახლად ომგადატანილ რეგიონში, სადაც ყარაბაღის კონფლიქტის მეორე ეპიზოდის შემდეგ ჩამოყალიბებული სტატუს–კვო კონტურებს ჯერ კიდევ იძენს, დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა. საქმე ამჯერად აზერბაიჯან–ირანის გამწვავებულ ურთიერთობებს ეხება, რომელიც 12 სექტემბერს, აზერბაიჯან–თურქეთ–პაკისტანთან ერთობლივი სამხედრო სწავლებების შემდეგ გახდა განსაკუთრებით თვალსაჩინო, რასაც მოჰყვა ირანის უმაღლესი ლიდერის გაღიზიანება, „ნუ ეთამაშებით „ლომის კუდსო“. ბოლო პერიოდში ორ მეზობელს შორის პრობლემებმა იმატა, მაგრამ პროცესზე დამკვირვებლები დაპირისპირებას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ და მხარეთა პოზიციონირებიდან გამომდინარე, მოვლენათა შესაძლო განვითარების კუთხით, ამ ეტაპზე პროგნოზები არც თუ კეთილსაიმედოა, შესაბამისად, საქართველოს წინაშეც რთული ამოცანები იჩენს თავს.

რეგიონი ახალი დაპირისპირების ზღვარზე

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ ირანის არახალ შეშფოთებაში რამდენიმე ფაქტორი თამაშობს სერიოზულ როლს:

  • „სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის გაძლიერება ასევე გულისხმობს მის ძირითადი მოკავშირის – თურქეთის გაძლიერებას, რაც თურქეთს ხელს უხსნის უფრო მეტად პროაქტიული პოლიტიკის გატარებისკენ მთლიანად კასპიის ზღვის აუზში, რაც ასევე მოიცავს ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს. ამას ემატება ცენტრალური აზიის კიდევ ერთი სახელმწიფო – პაკისტანი. ძალთა ბალანსის აღნიშნული ცვლილება კი ირანისთვის პრობლემურია;
  • გარდა ამისა, ირანი ყურადღებით აკვირდება აზერბაიჯანის მზარდ სამხედრო პარტნიორობას ისრაელთან. თუნდაც ყარაბაღის მეორე ომში კარგად გამოიკვეთა, რომ აზერბაიჯანის თანამედროვე აღჭურვასა და შეიარაღებაზე არა მხოლოდ თურქეთი, ებრაული სახელმწიფოც ზრუნავდა;
  • ამასთან, ირანი ცდილობს, ჩართულ იქნას „ღერძში“, რომელიც გულისხმობს სომხეთის, ირანის და რუსეთის მონაწილეობას. პოტენციური რისკი იმისა, რომ აზერბაიჯანის არმია შეიძლება, შეეცადოს სიუნიკის [სომხური რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას ნახჭევანისგან აშორებს] ოლქის დაკავებას, კიდევ ერთ დამატებითი მიზეზია ირანის შეშფოთებისთვის“.

შესაბამისად, მკვლევრის ანალიზით, შეშფოთებული ირანი იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს სახელმწიფო, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ცენტრალური აზიის და კავკასიის მიმართულებით გააჩნია თავისი სტრატეგიული ინტერესები და ახდენს კიდეც ძალის დემონსტრირებას:

„ლოგიკურია, რომ ორივე მხარე ცდილობს, მოახდინოს საკუთარი ძალის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, სამხედრო და რესურსების თვალსაზრისით ასიმეტრია ირანსა და აზერბაიჯანს შორის აშკარაა და სწორედ ამიტომ აქვს აზერბაიჯანისთვის დიდი მნიშვნელობა პროცესში თურქეთის ჩართულობას“.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას, ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების საკითხია, რასთან დაკავშირებითაც ერთგვარი მინიშნებები გააკეთეს თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, რაც ირანში საფრთხედ აღიქვეს. ექსპერტი შიშობს, რომ ამ თემებზე აპელირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება:

„შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ტურბულენტობა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მყიფე გახდება რეგიონის უსაფრთხოების გარემო“.

მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები

გობრონიძის დაკვირვებით, ამ ეტაპზე ესკალაციისთვის „ნოყიერი ნიადაგი“ არსებობს, ვინაიდან მხარეები დაძაბულობის შემცირებისთვის მზაობას არ ამჟღავნებენ, რაც ვითარებას რთულად პროგნოზირებადს ხდის. თუმცა მკვლევარი ელის, რომ ირანი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი – თურქეთი შეეცდებიან საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაფიქსირებას, რაც რეგიონში თურქულ–ირანულ „ცივ ომს“ მეტ ინტენსივობას შესძენს:

„ვხედავთ, რომ არც ერთი მხარე არ ცდილობს დაძაბულობის შემცირებას. შესაბამისად, ცალსახად თქმა, რომ ფართომასშტაბიანი შეტაკება არ იქნება, რთულია. ორივე მხარე აჩვენებს, რომ ისინი მკაცრად, სერიოზულად არიან განწყობილნი. ეს არ არის იოლად განმუხტვადი სიტუაცია. უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ყველაფერი „კულისებს მიღმა“ ძალიან აქტიურ და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, უარეს შემთხვევაში, შესაძლებელია, ომი მივიღოთ. დღეს ამ ურთიერთობას უკეთესი სცენარი არ აქვს. ვითარება ჯერ–ჯერობით დეესკალაციისკენ არ მიდის“.

რუსეთის ფაქტორი

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებს რუსეთის ფედერაცია ჩუმად აკვირდება, არ უნდა გამოვრიცხო, რომ ის ეცდება თავისი პოზიცია და სტრატეგიული ინტერესები კიდევ მეტად დაიცვას თუნდაც ირანთან კოოპერაციის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით. მით უმეტეს, მას ირანის ეს პოზიცია ცალსახად აძლევს ხელს, რადგან როგორც არ უნდა ისაუბრონ თურქულ–რუსულ პერიოდულ პარტნიორობაზე, ეს ყველაფერი ჯამში მაინც სერიოზული კონკურენციის ფონზე მიმდინარე პროცესებია. განიხილებოდა ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატიც, მაგრამ ირანის პოზიციაც აჩვენებს, რომ არანაირი ექვსმხრივი თანამშრომლობა არ გამოვა“,– ფიქრობს გობრონიძე.

მათ შორის რუსეთის მხრიდან საკითხზე აპელირებას კი მკვლევარი უკავშირებს მცდელობას, კონტროლირებადი გახადონ ვითარება:

„კონტროლიდან გამოსული ირანი, რომელსაც შეუძლია, კავკასიაში ომი აწარმოოს, არავის სჭირდება“.

საქართველოს ამოცანა

არსებობს რისკი, რომ პროცესების ესკალაციის შემთხვევაში მასში ჩართული აღმოჩნდება საქართველოს ორი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყანა – თურქეთი და აზერბაიჯანი, პარტნიორი მეზობელი – სომხეთი, კიდევ ერთი მეზობელი – ირანი და საგარეო პოლიტიკური მოწინააღმდეგე სახელმწიფო –რუსეთი.

„შესაბამისად, დიპლომატიური და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. კონფლიქტის აქტიურმა ფაზამ გვერდი რომც აგვიაროს, დაძაბულობასაც კი ეკონომიკური გავლენა ექნება მთლიანად რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზე“,– ამბობს მკვლევარი და იქვე დასძენს, რომ რეგიონში ვითარების გაუარესება ჩვენგან ითხოვს მოქნილ, სწრაფ გადაწყვეტილებებს და ტურბულენტობის ფონზე მნიშვნელოვანია, გვქონდეს გარკვეული უსაფრთხოების და დაცულობის გარანტიები. ამის მიღწევა კი მისი ხედვით, რამდენიმე გზითაა შესაძლებელი:

„ყველა პოზიცია მკაფიოდ უნდა გვქონდეს დაფიქსირებული და გვჭირდება ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა დასავლეთთან, რომელიც მოიაზრება ჩვენს ძირითად პარტნიორად და საყრდენად. დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკა არის ერთ–ერთი (თუ არა ერთადერთი) გზა, რომ არ აღმოვჩნდეთ რეგიონის სამი გიგანტის (რუსეთი, ირანი თურქეთი) მიერ გავლენის ზონების დანაწილების პროცესში ჩართული, როგორც ობიექტი – ერთ–ერთი გავლენის ზონა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკა მეტად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ვიდრე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ წინდახედულობა, დიდი სიფრთხილით დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს და მიიღოს გადაწყვეტილებები, იგივე დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრად გაუმჯობესების, ჩვენი რეგიონის მიმართ დასავლური ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე პარტნიორებთან ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების წინ წამოწევისა და ამ ინტერესების ადვოკატირების კუთხით. ჩვენთვის მთავარია, აქედან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ. ეს ძალიან რთული ამოცანაა,რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება. აქ სინერგიულად უნდა იყვნენ ჩართული უსაფრთხოების სამსახურები, ეკონომიკური გუნდი, დიპლომატები, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირები და ოპოზიციონერი ლიდერებიც, რადგან ამგვარი სინერგიის გარეშე ასეთი ტიპის რეგიონულ გამოწვევასთან გამკლავება ჩვენთვის რთულია“.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ საქართველო დღეს რომ იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ან დასავლეთის პრივილეგირებული პარტნიორი, მსგავსი გამოწვევა დღის წესრიგში არ დაუდგებოდა:

„რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ სანდო და ღირებული პარტნიორები ვიყოთ? სარგებელი უნდა იყოს ორმხრივი და ამაზე უნდა ვაკეთებდეთ ძირითად აქცენტებს. ამისთვის გვჭირდება დემონსტრირება, რომ ვრჩებით ჩვენი ვალდებულებების ერთგულნი, გვჭირდება მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია დემოკრატიზაციასთან, ადამიანის უფლებებთან, გახსნილობასთან, პროგნოზირებადობასთან დაკავშირებით. ჩვენ საჭირო სახელმწიფო ვართ – ვართ „ხიდი“ დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას, დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. მაგრამ ეს ფუნქცია რომ შეასრულო, მინიმუმ, ხიდი არ უნდა იყოს „ჩატეხილი“.

დღეს ჩვენ ძირითადად ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განაწილების პროცესზე ვართ კონცენტრირებული. ამ მოცემულობიდან რაღაც დოზით უნდა გამოვდეთ და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ იმდაგვარად, რომ ჩვენი პოლიტიკური პროცესი არ ბადებდეს გაურკვეველ და ნეგატიურ მოლოდინს. დღეს არ გვაქვს ფუფუნება, შიდა ბრძოლას ჩვენი მომავალი გადავაყოლოთ და ეს არის პასუხისმგებლობა, რაც პირველ რიგში, მმართველმა ელიტამ უნდა გაიაზროს და შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური კლასის დანარჩენმა წარმომადგენლებმა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები