პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
08/10/2021 14:10:27 პოლიტიკა
სპეციალური პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები.
მათივე ცნობით, "სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება".
"მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი - სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები.
საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა", - წერია განცხადებაში.
დღეს სააკაშვილი საპატიმროში უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ კიდევ ერთხელ მოინახულა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა.
მისი თქმით, შიმშილობის ერთი კვირის თავზე სააკაშვილს 12 კილოგრამზე მეტი აქვს უკვე დაკლებული:
"ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა, უკვე სერიოზულად დაზარალდა".
სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დრამატულად სეცვლილი არაა, ის მხნედ გამოიყურება, თუმცა შიმშილობის ყოველი დღე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასუსტებს.


