Accentnews.ge
"ქართული ოცნება": "12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას ვწყვეტთ"

"ქართული ოცნება": "12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას ვწყვეტთ"

09/10/2021 12:03:07 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას შეწყვეტს.

"ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

დღეს თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქართული ოცნება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის". - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

მანამდე საარჩევნო კამპანიის დროებით შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

მისი თქმით, "ახლა პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის".

ენმ დღეს, 9 ოქტომბერს ზუგდიდში აქციას გამართავს. ზუგდიდში ჩავა ნიკა მელია. პროტესტი 20:00 საათზე დაიწყება. აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, ქალაქის ცენტრში გაიმართება. ნიკა მელიას თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას ხმები "ქურდულად წაართვეს". ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის თქმით, აქცია მდუმარე იქნება.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.

9 ოქტომბრის 13:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 - გარდაცვლილი. ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 - ბავშვია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მაშველები, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S