ედუარდ სააკაშვილი: "ოჯახის პრიორიტეტია, რომ მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი და თავისუფალი"
11/10/2021 09:33:43 პოლიტიკა
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი დედა და შვილები მივიდნენ.
"მე გიული და ნიკუშა მოვედით, რომ მამაჩემი ვნახოთ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მე-10 დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით, ახლა ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის რომ მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი, თავისუფალი და მადლობა ყველას ვინც ამ მიზანს იზიარებს", – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.


