ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "როცა აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კგ თაფლს არ უნდა ჭამდეს"
11/10/2021 11:00:47 პოლიტიკა
როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. შესაბამისმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით 7 კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო აქედან. შეეშვით ამ ტყულებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.


