პრემიერი – სომხეთში ვიზიტზე: "განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში"
11/10/2021 11:31:55 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სომხეთში მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო "თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში".
მისი თქმით, საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.
"სომხეთში ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა - მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, რეგიონში თანამშრომლობა დავიწყოთ და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, 3 ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს და ჩვენ დიდი როლი გვაკისრია. ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი ივნისში, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და, ბუნებრივია, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას, რაც გულისხმობდა პატიმრების გათავისუფლებას და ასევე რუკების გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამ მიმართულებით მე ძალიან ვაქტიურობ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში, რეგიონის ფორმატში და საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.


