"ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის უკრაინაში დაბრუნების უფლების მიცემა იქნება"
11/10/2021 18:01:58 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის უკრაინაში დაბრუნების უფლების მიცემა იქნება.
"ბატონი სააკაშვილის მხრიდან პროვოკაცია იყო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავებისას. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი. იგი უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. იგი არ უნდა შიმშილობდეს ახლა. ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ კომენტარები ოფიციალური პირების და "ოცნების" მხრიდან ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება იქნება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში. იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, გახლავთ უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთ სიტუაციაში", – განაცხადა კრამერმა "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.


