რეზოლუციაში "NATO–ს ყურადღების გამახვილება რუსეთის გამოწვევებზე" საქართველოზეც არის საუბარი
11/10/2021 18:47:19 პოლიტიკა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მომხადა რეზოლუცია სახელწოდებით "NATO–ს ყურადღების გამახვილება რუსეთის გამოწვევებზე", რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში თავისუფალი ნავიგაციის შეზღუდვას და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას, შეიტანოს დესტაბილიზაცია ამ ქვეყნებში, გადაახვევინოს მათ ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან და წაახალისოს უპასუხისმგებლო ესკალაცია", – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე:
"საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში".
გარდა ამისა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალისხმევის მხარდაჭერა, საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოხატონ სოლიდარობა ერთობლივი წვრთნებითა და პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის NATO-რუსეთის საბჭოში.


