
მითვისებული 100 000 ლარი და 10 დაზარალებული – ინტერნეტთაღლითობის სქემა
13/10/2021 08:28:50 სამართალი
სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 21 წლის კაცი დააკავეს. ირკვევა, რომ ის წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწიებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის „Facebook“-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ „Facebook“-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.
გამოძიების ვერსიითვე, ბრალდებულმა 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის „Facebook“-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.
ის მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების „Facebook“-ს გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.
ამ ეტაპზე გამოვლენილია 10 დაზარალებული, ხოლო ფინანსური ზარალი 100 000 ლარს შეადგენს.
როგორც შსს–ში აღნინავენ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ 300 000 ლარს გადააჭარბოს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.