უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით მხოლოდ ექსტრადაციის საკითხს არ განიხილავს
13/10/2021 10:18:02 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დაკავებულთან უკრაინულ მხარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი მიხეილ სააკაშვილთან: ადვოკატებს აქვთ მასთან დაშვება, კონსულს აქვს მასთან დაუბრკოლებელი დაშვება. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რა დროსაც ჩვენ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო უწყება ამჟამად საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს:
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, თუ რა გზით გავაგრძელოთ სვლა, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება, მაშინ ამის შესახებ გაცნობებთ“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.


