სააკაშვილის ადვოკატებმა საპატიმროში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეს
13/10/2021 11:04:14 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საპატიმროში აუდიენცია დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეს. მიზეზად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგმარეობა დასახელდა.
როგორც საპატიმროში ვიზიტის შემდეგ ადვოკატებმა განმარტეს, ვიზუალურად უკვე მკაფიოდ აღიქმება შიმშილობით გამოვლენილი ნეგატიური შედეგები.
მათივე თქმით, აქამდე არსებულ ჩივილებს კიდევ ერთი სიმპტომი დაემატა – სიფერმკრთალე.
„დღეს მიშა ძალიან ფერმკრთალად გამოიყურებოდა. ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა, კიდევ უფრო გამძაფრებულია: საუბარია გადაადგილების სირთულეზე, მეტყველების შენელებაზე. გვესმის, რომ შიმშილობა არის უკომპრომისო გადაწყვეილება და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევნი პროცესია, რაც უკვე ძალიან მკაფიოდ აღიქმება“,– განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატები მოშიმშილე პატიმართან პირადი ექიმის ვიზიტის აუცილებლობაზე საუბრობენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების დღიდან შიმშილობს.


