
ვინ უერთდება "ნაციონალური მოძრაობის" ხვალინდელ აქციას
13/10/2021 15:26:23 პოლიტიკა
ხვალ თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ–ის მიერ დაანონსებულ აქციას ოფიციალურად მხოლოდ პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თამარ ჩარკვიანი და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უერთდებიან
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ უერთდებიან აქციას. თუმცა სამივე პარტიაში აღნიშნავენ, რომ თუ რომელიმე წევრი ინდივიდუალურად გადაწყვეტს პროტესტში მონაწილეობას, შეუძლია, მივიდეს და პოზიცია დააფიქსიროს.
“ევროპული საქართველო” და “რესპუბლიკური პარტია” აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა აქციას არ უერთდებიან.
ენმ–ის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ პარტია “მოქალაქეებიც”. როგორც პარტიის ლიდერი ელისაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.