
"არ ჩამოვფრინდი, რადგან მარტივი იქნებოდა ჟლეტა და ჩვენზე გადმობრალება"
13/10/2021 17:51:13 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კიევიდან პირდაპირი რეისით არ ჩამოვიდა, ვინაიდან "ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა აფეთქება, გასროლა, ჟლეტა და მერე ამ ყველაფრის მისთვის გადაბრალება". ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ექს–პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას შეადარა და ჰკითხა, თავად სააკაშვილი თუ ხედავდა ამ პარალელს.
"90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრა:
„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.