ვინ უერთდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას
14/10/2021 05:57:30 პოლიტიკა
დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ–ის მიერ დაანონსებულ აქციას ოფიციალურად მხოლოდ პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თამარ ჩარკვიანი და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უერთდებიან
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ უერთდებიან აქციას. თუმცა სამივე პარტიაში აღნიშნავენ, რომ თუ რომელიმე წევრი ინდივიდუალურად გადაწყვეტს პროტესტში მონაწილეობას, შეუძლია, მივიდეს და პოზიცია დააფიქსიროს.
“ევროპული საქართველო” და “რესპუბლიკური პარტია” აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა აქციას არ უერთდებიან.
ენმ–ის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ პარტია “მოქალაქეებიც”. როგორც პარტიის ლიდერი ელისაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.
როგორც ენმ–ში აცხადებენ, აქცია 18:00 საათზე გაიმართება და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით სააკაშვილის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


