ღარიბაშვილი– ენმ-ის აქციაზე: "მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე"
14/10/2021 09:50:36 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე ხომ არ არის მოსალოდნელი დაპირისპირება, ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"არა, რა თქმა უნდა, არა. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე. შემდეგ ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, არჩევნები. დავასრულოთ ეს არჩევნები. ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება".
დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”. შეგახსენებთ, რომ თბილისში რეგიონებიდან წამოსულ ენმ-ის მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით ხვდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი მანქანებს ცოცხებს ესვრიან.


