რა გზავნილებით ჩამოდის საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი

14-10-2021 16:35:23 საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ

საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში „ისტორიული” და „რეგიონული მესიჯი“ უწოდეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის პირველ ვიზიტს საქართველოში, რომელიც პენტაგონის ცნობით, მომავალ კვირაში გაიმართება.

ამ დროისთვის არსებული საჯარო ინფორმაცია არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების თაობაზე. დავით ზალკალიანის თქმით, გრძელდება დეტალებზე მუშაობა, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“,– დარწმუნებულია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეფასებით კი, ხსენებული ვიზიტი გზავნილია არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ „რეგიონული მესიჯია, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ერთმანეთის გვერდით ვართ როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონში“.

ცნობილია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა რუმინეთს, უკრაინას, შემდეგ საქართველოს, ხოლო ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატო–ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. სწორედ ტურნეს გეოგრაფია და დრო (ავღანეთიდან აშშ–ის გასვლა) ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ ვიზიტის მთავარი ფოკუსი შავი ზღვის უსაფრთხოება უნდა იყოს.

„ეს ფაქტობრივად ბოლო წელია, შეთანხმდეს ნატო–ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის ყველა პარამეტრი, რომელიც მომავალ წელს საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს. სწორედ ამ დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს ალიანსის 10–წლიანი ხედვა. ამ კონტექსტში ჩვენთვის შავი ზღვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ამდენად, ამ ვიზიტს აქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობების დატვირთვა, ასევე მრავალმხრივი. აშშ და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენი განსაკუთრებული იყო ავღანეთის მისია, სადაც მართლაც სამაგალითო პარტნიორები ვიყავით. თუმცა ეს მისია დასრულდა და ახლა მნიშვნელოვანია, რას შესთავაზებს საქართველო როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ალიანსს“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

რა უნდა შესთავაზოს საქართველომ?

ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის თვალსაზრისით ფხალაძე აშშ–ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე „საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე“ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ მის გაღრმავებაზე, მასში ახალი კომპონენტების შეტანაზე იქნება საუბარი. ამასთან, მისი ხედვით, საქართველოსთვის, რომელიც ღია აგრესიის მსხვერპლია და ყოველდღიურ რეჟიმში უწევს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, გამოცდილების გაზიარების, სასწავლო თუ აღჭურვის პროგრამების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აშშ–სთან თანამშრომლობა.

რაც შეეხება მრავალმხრივ ფორმატებს, ანალიტიკოსი შენიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობებში შეიძლებოდა, ლოჯისტიკის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე გვესაუბრა, მაგრამ მისი ხედვით, უკვე არსებული საშუალებებიც გვაძლევს კოლექტიურ უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი ნიშის დაკავების შესაძლებლობას:

  • საქართველო ავღანეთის მისიაში ნატო–ს არაწევრ ქვენებს შორის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო;
  • საქართველო მიჩნეულია ნატოს–თან ერთ–ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად, სადაც ალიანსთან ერთად წვრთნები ტარდება და რომელშიც ჩვენი შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ მონაწილეობენ, რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში მეთაურობაც იტვირთეს;
  • საქართველოში არსებობს წვრთნისა და აღჭურვის უნიკალური ცენტრი, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებაში დიდ როლის შეტანა შეუძლია;
  • საქართველოს აქვს ნატო–ს არსებითი პაკეტი.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, ამ ყველაფრის შეჯამებით და გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ნიშის და ფუნქციის შეთავაზება“,– განმარტავს ანალიტიკოსი.

შავი ზღვის უსაფრხოება და საქართველო

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხედრო ძალთა ბალანსი შავ ზღვაში, რაც ნატო–ს შეშფოთებას იწვევს.

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ნატო–სა და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა და ჩვენ, ასევე, ვცდილობთ, გავზარდოთ შავ ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა“, - განაცხადა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმსინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ვერ მიიღწევა საქართველოს უსაფრთხოების გარეშე: ამ თემაზე საუბრისას ძალიან ხშირად კეთდება აქცენტი მხოლოდ ფლოტზე და იმაზე, რომ საქართველოს ფლოტი არ აქვს, შესაბამისად, „რა შეიძლება გააკეთოს საქართველომო?“. მე კი ვიტყოდი, რომ საქართველო თუნდაც ზღვის ნაწილში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ნატო–ს გემების საპორტო ვიზიტები მუდმივად ხორციელდება. ამასთან, საქართველოს ჰყავს მობილური და ეფექტური სანაპირო დაცვა, რომელიც სწორედ ჩვენი პარტნიორების დახმარების შედეგია. მეორეც, შავი ზღვის უსაფრთხოება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და და არა მხოლოდ ფლოტს:

  • ზღვა,
  • მიწა,
  • ჰარი,
  • კიბერსივრცე.

თუ ოთხივე კომპონენტს „შევკრავთ“, შეიძლება, დავინახოთ ამ ქვეყნის ფუნქცია, რომელიც იქნება უნიკალური და რომლის შესრულებაც სწორედ რომ საქართველოს შეუძლია. სწორედ ეს უნდა იყოს განხილვის ერთ–ერთი თემა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ უნდა დასრულდეს ნატო–ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობა, სადაც შავი ზღვის ბედი, ამ რეგიონის მომავალი უნდა განისაზღვროს“,– ამბობს ანალიტიკოსი და იქვე დასძენს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენს შესაძლებლობებში პარტნიორები დავარწმუნოთ:

„კოლექტიურ უსაფრთხოებაში ყველას თავისი როლი აქვს. ამდენად, როგორც ჩვენ ვსაჭიროებთ დახმარებას, ისე პარტნიორებსაც სჭირდებათ საქართველოს დახმარება და რაც უფრო კარგად წარმოვჩინდებით ამ კონტექსტში, მით უკეთესი“.

უწყობს სკანდალები ხელს ნდობას?

ბოლო პერიოდში ქვეყნის პარტნიორების შეფასებებში ხშირად გამოითქმის წუხილები, რომ საქართველო თავისი შიდა პოლიტიკურ კრიზისებით უფრო დგას დღის წესრიგში, ვიდრე ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმებითო. ამას ემატება, მსუბუქად რომ ვთქვათ, სკანდალები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ეხვევა. ამ თვალსაზრისით შეიძლება, გაიხსენოთ, შეუსრულებელი დაპირებები, იგივე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა; სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები, რომელშიც დიპლომატების მიყურადებაზეცაა საუბარი; უსაფრთხოების სფეროში ბელარუსთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მნიშვნელობის დაკნინებასაც პრემიერი ღარიბაშვილი შეეცადა, უწოდა რა მას “უბრალო ფორმალობა”. უწყობს კი მსგავსი მოვლენები ხელს პარტნიორების ნდობის განმტკიცებას?

ფხალაძე საქართველოს შეფასების დოკუმენტებს გვახსენებს, რომელშიც არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზეა საუბარი:

„საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება და პირიქით. ცხადია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები, იქნება ეს მიყურადება, ინსტიტუტების სტაბილურობა, მათი ეფექტიანობა, დემოკრატიის განვითარება, სასამართლო სისტემა და ა.შ. ეს ყველაფერი აისახება ნატო–შ ინტეგრაციაზე, აშშ–სთან თანამშრომლობაზე. თუ შეფასების ანგარიშებს გადავხედავთ, იგივე ნატო რა პარამეტრებით აფასებს საქართველოს, ვნახავთ, რომ იქ მათ შორის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ პარამეტრებზეცაა საუბარი. ამდენად, ცხადია, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შიდა თემა არაა და ის ეს ასახვას აუცილებლად პოვებს ქვეყნის ეროვნულ, სტრატეგიულ ინტერესებზე, საგარეო პოლიტიკაზე, განვითარებაზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები