"გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, საჭიროა ყოველდღიური აქციები"
15/10/2021 13:01:36 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი მხარდაჭერის მიზნით გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოიგებს და თავადაც თავისუფალი იქნება".
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიმართვაში წერს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს.
"მეგობრებო, თანამოქალაქეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით და ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი. ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


