
აშშ-ის საელჩო – თავდაცვის მდივნის ვიზიტზე: "კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"
16/10/2021 07:12:01 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ჯეი ოსტინი III-ის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი თბილისს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III, ამ კვირაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ. საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.