გახარია: "ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს"

16-10-2021 14:09:25 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ექსპრემიერი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება და მმართველი პარტია ამის საჭიროებას თავად დაინახავს.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და არც ამ არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვადამდელი არჩევნებისთვის. ადრე ვთქვი კიდეც - 90% რომ აიღონ [ადგილობრივ არჩევნებზე] ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება.

ვადამდელი არჩევნები პირდაპირ დაკავშირებულია მმართველი ძალის პოლიტიკურ რესურსთან. მათ პოლიტიკური რესურსი ამ არჩევნების შემდეგ კი არ მოიმატეს, გაფლანგეს და ეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა - აქციაზეც [14 ოქტომბრის მიტინგზე] გამოჩნდა...

შემიძლია, დაგენიძლავოთ კიდევაც - რაღაც მომენტში „ოცნება“ თვითონ მიხვდება, რომ რიგგარეშე არჩევნები მათი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება და თვითონ დანიშნავენ ამ რიგგარეშე არჩევნებს, აგერ ნახავთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ექსპრემიერის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები „ქართულმა ოცნებამ“ „ინსტრუმენტებით დაიწერა“ და პოლიტიკური ფასის გადახდა გარდაუვალია:

„იმ ფასის გამო, რისი გადახდაც „ოცნებას“ მოუწია ამ გამარჯვებაში [არჩევნებში გამარჯვება], ხელისუფლების რესურსი უზარმაზრად შემცირდა... მარტივ მაგალითებს გეტყვით: შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა, გაფუჭებული ურთიერთობები [საერთაშორისო] პარტნიორებთან, სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მოშლა - როდესაც მთელი ვერტიკალი პარტიაზეა დალაგებული და ინსტიტუტები საერთოდ დანგრეულია... და ეს ეკონომიკაზე არ იმოქმედებს?!... ინფლაციის ორნიშნა ციფრი გვაქვს - 12%-ზე უკვე ავედით... 2013 წლის შემდეგ უმუშევრობა, როგორიც არის დღეს, არ ყოფილა“.

ამასთან, მან ბიძინა ივაიშვილსაც მიმართა:

"მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო: მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება.

მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ - 9 წლის შემდეგ!"

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მისმა პარტიამ „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციის შეკვრას არავისთან აპირებს და იბრძოლებს საკრებულოების დაბალანსებული შემადგენლობისთვის.

Новости

Другие новости