წითლიძე „ენგურჰესის“ თანამშრომლებს „ოცნების“ სასარგებლოდ საოკუპაციო ძალებთან მოლაპარაკებაში ადანაშაულებს
18/10/2021 10:16:29 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, "ენგურჰესის" ადმინისტრაცია მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაყალბებაში ეხმარება".
როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ენგურჰესის" გენერალური მდივანი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია მონაწილეობენ დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება.
"რაც მთავარია, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ. საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა. ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი არის "ენგურჰესის" გენერალური დირექტორი, მეორე კი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არიან "ქართული ოცნების" წევრები, რომლებიც ამ არჩევნებში, როგორც კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები, როგორც კანდიდატები, ისე იღებდნენ მონაწილეობას“, - განაცხადა წითლიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდების საპასუხოდ ლევან მებონიამ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავად მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მყოფი პირი, რომლის შედეგადაც ის გახდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრებს არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვთ.
რაც შეეხება ბრალდებას მოქალაქეთათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე და მოლაპარაკებას საოკუპაციო ძალებთან, ლევან მებონია ამბობს, რომ ეს ცილისწამება და სიცრუეა:
„ეს არის წარმოუდგენელი ცილიწამება, თავხედობა, უტიფრობა და სიცრუე... წარმოიდგინეთ, ანუ მე მაქვს იმის ძალა, რომ დე ფაქტო საზღვარი დავაკეტინო, შესაბამისად, იმის ძალაც უნდა მქონდეს, რომ გავახსნევინო, ხო? მაშინ რა დამაკავებს, რომ არ გავახსნევინო და ქართველები არ შევუშვა თავის სახლებში?“.
"ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯონი ჭანია "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსია. ამასთან, "ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს ანა წითლიძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“:
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“.
თავის მხრივ, ანა წითლიძე აცხადებს, რომ "ენგურჰესის" თანამშრომლების მხრიდან დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებების წარმოების შესახებ მტკიცებულებები აქვთ, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დამკვირვებლებს გადასცემენ". მისი თქმით, ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმეები, რომლებიც კონფიდენციალურად საუბრობენ ლევან მებონიასა და ჯონი ჭანიას ამ პროცესში ჩართულობაზე.


