"მაქვს პატივი, გამოვაცხადო ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის"
18/10/2021 10:46:17 პოლიტიკა
"დღეს მაქვს პატივი გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის", – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავის მხრივ, საქართველომ უნდა გააძლიეროს დემოკრატია.
„დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ახალი ინიციატივა. ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძლეებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას. ეს ინიციატივა არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს მისი სამუშაოს ნაწილი – გააძლიეროს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისთვის", – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, მან საქართველოსა და ქართველ ხალხს ნატო–ს მისიების ფარგლებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი:
"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელია და მტკიცეა"


