Accentnews.ge
აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18/10/2021 11:02:24 პოლიტიკა

აშშ–ისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. კერძოდ, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო და აშშ “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას” (GDDEI) იწყებენ.

GDDEI ჩაანაცვლებს "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას" (GDRP).

"მიმოვიხილეთ "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც საფუძველია იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ. [...] საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით გადავედით თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე", – განაცხადა ბურჭულაძემ.

თავის მხრივ, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ახალი მემორანდუმი იქნება ცენტრალური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობაში:

"ეს არის ამაღელვებელი, ახალი ფაზა უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარებს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატო-სთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო უსაფრთოების ინტერესებს. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს”.

ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარება განიხილეს:

„ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა. მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებული გამოცდილება, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული პატივისცემა და მეგობრობა, რაც ჩვენს სამხედროებს შორის წლების მანძილზე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა".

მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საკითხები და 10-წლიანი განვითარების ციკლი:

„აშშ-ის თავდაცვის მდივანს გავაცანი 10-წლიანი განვითარების ციკლი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებაზე არის ორიენტირებული. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს დღეს გაფორმებული მემორანდუმის განხორციელებას, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას და საშუალებას გვაძლევს რაციონალურად გადავანაწილოთ როგორც ჩვენი სახელმწიფო რესურსი, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მზარდი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ".

გარდა ამისა, ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე:

"შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ნატო - საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის გეგმები სრულიად ემსახურება „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატო-ში“ პრინციპს".

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებს:

"ვისაუბრეთ აშშ-ის და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულების პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს შეფასებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც აშშ-ის არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატო-ს სტანდარტის საწვრთნელ ცენტრად".

ამასთან, მან მადლობა გადავუხადო აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და აშშ-ის მთავრობას იმ "უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და წარმატებული თანამშრომლობისთვის, რასაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრი ქვეყნის მიმართ ისინი იჩენენ".

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი თბილისში დღეს ჩამოფრინდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, "რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით".

ლოიდ ოსტინი საქართველოს შემდეგ უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც 21 ოქტომბრისთვის ნატო–ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S