მოხვდება თუ არა „3+3 ფორმატი“ აბაშიძე–კარასინის დღის წესრიგში – ინტერვიუ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელთან

18-10-2021 16:18:27 ინტერვიუ

მიუხედავად საექსპერტო საზოგადოებაში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებებისა, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბრები თურქეთის პრეზიდენტის მიერ რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის გასულ წელს შეთავაზებულ „3+3“ (იგივე „ექვსწევროვან“) ფორმატზე, რომელიც, როგორც დაანონსდა, რეგიონის კონფლიქტების გადაჭრაზე, ეკონომიკური კავშირების გახსნასა და განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. საწყის ეტაპზე თითქოს მკაფიო იყო თბილისის დამოკიდებულება ამ ჯერ არარსებული სახიფათო პლატფორმის მიმართ, რომელიც, როგორც ექსპერტები თვლიან, რეალურად, რეგიონის დასავლეთისგან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან „ჩაკეტვას“ ისახავს მიზნად და ჩვენს ქვეყანას მარტოდ დატოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანის ამასწინანდელმა კომენტარმა („რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია: ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ“) ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში გაზარდა შეშფოთება და ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამ საკითხის განხილვა დაიწყეს და შესაძლოა, ქვეყანა არასასურველ ურთიერთობებში აღმოჩნდეს ჩართული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზალკალიანის აღნიშნული კომენტარი მოჰყვა მისი რუსი კოლეგის - სერგეი ლავროვის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ცინიკურ განცხადებას: „ვიმედოვნებთ, საქართველოც, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელსაც ახლა განიცდის, დაინახავს თავის ძირეულ ინტერესს კონსულტაციების მსგავსი მექანიზმის ჩამოყალიბებაში რეგიონული განვითარების დასაჩქარებლად, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქ არსებული კონფლიქტები აფერხებდაო".

საყურადღებოა, რომ საქართველოში თავის პირველ ვიზიტად მყოფმა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავი არ აარიდა ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რა უნდა იყოს საქართველოს ინტერესი: „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ ფორმატზე ისაუბრებს. მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), გადაჭრან დავები და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“.

იმის გარკვევას, არის თუ არა ასევე მკაფიო ოფიციალური თბილისის პოზიცია, მით უფრო - საგარეო საქმეთა მინისტრის ზემოთხსენებული განცხადების შემდეგ, „აქცენტი“ რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეეცადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.

- ბ-ნო ზურაბ, გრიგორი კარასინთან თქვენი შეხვედრა სექტემბერ–ოქტომბერში უნდა გამართულიყო. თარიღზე ჩამოყალიბდით?

- შეხვედრა ნოემბრის პირველ დეკადაში გაიმართება. ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით.

- კონკრეტულად რა საკითხებზე გეგმავთ საუბარს, დედლაინი გაქვთ?

- მოგეხსენებათ, ჩვენი თემებია სავაჭრო–ეკონომიკური საკითხები. შეხვედრამდე დროა, კონკრეტულ უწყებებთან გვექნება კომუნიკაცია. შესაძლოა, კომპანიებსაც ვკითხოთ, რა პრობლემები აქვთ...

- ბ-ნო ზურაბ, მოგეხსენებათ, პერიოდულად აქტუალობას იძენს „3+3 ფორმატის“ თემა, გააქტიურდა საკითხზე საუბარი. მესმის, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატში სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობთ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებსაც მიმოიხილავთ ხოლმე. ხსენებულ ფორმატზე რუს კოლეგასთან რაიმე სახის კომუნიკაცია გქონიათ?

- არა, არ გვქონია.

- იმ შემთხვევაში, თუ გრიგორი კარასინმა ეს საკითხი წამოჭრა, ქართული მხარის პოზიცია როგორია? სავარაუდოდ, შესაბამის უწყებასთან შეთანხმებული პოზიცია გექნებათ...

- მანამდე ვნახავთ, ჩამოვყალიბდებით.

- ანუ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს?

- თუ რაიმეს იტყვის, მოვისმენ. ეს თემა ჩვენს დღის წესრიგში არ არის. შესაბამისად, თემებზე, რომლებიც ჩვენი [აბაშიძე–კარასინის ფორმატში განსახილველი – რედ.] არ არის, არსებით დისკუსიაში არ შევდივართ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე.

რომ დავაზუსტოთ, კარასინთან ამ თემაზე საუბარს არ აპირებთ...

– ვიმეორებ, ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად, ამ ფორმატთან მიმართებაში უშუალოდ თქვენი, როგორც დიპლომატს, რეგიონის მცოდნის, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობაში გამოცდილის დამოკიდებულება როგორია?

– სიმართლე გითხრათ, ჯერ დამოკიდებულება არ მაქვს. ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა ამის შესახებ კომენტარი ...

ბუნდოვანი კომენტარი...

- როგორც ჩანს, ჯერ–ჯერობით მეტის თქმა არ შეიძლებოდა. მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები