თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა
18/10/2021 12:42:55 პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) დირექტორად დაინიშნა.
ინფორმაცია ჟვანიას დანიშვნის შესახებ IFES-ის საიტზე გამოქვეყნდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟვანიას არჩევნების სფეროში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 30 ივნისს დატოვა. მას თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა როგორც იმჟამად განაცხადა, "მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა".
თანამდებობის დატოვებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებდა.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.


