
ოლეგ პანფილოვი: უხერხული კითხვები „უცნობ ომზე“
08/08/2019 15:26:01 თვალსაზრისი, ინტერვიუ
2008 წლის 8 აგვისტოს, შუაღამისკენ ომი დაიწყო. უფრო სწორად, ომი დიდი ხანია, მიმდინარეობდა – საჭირო იყო მისი შეწყვეტა. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ბევრი დაიწერა – ძირითადად „შედევრები" რუსული პროპაგანდისა, რომელსაც არ სურს, უხერხულ კითხვებს პასუხი გასცეს.
2012 წელს ვლადიმირ პუტინმა ძველი პროპაგანდისტული ზღაპრების თხრობა შეწყვიტა და ღიად განაცხადა: „ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, გეგმა არსებობდა და ჩვენ მის ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს გეგმა გენშტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს – 2007–ის დასაწყისში შემუშავდა და ჩემთან იყო შეთანხმებული. ამ გეგმის ფარგლებში ვამზადებდით ოს მეამბოხეებსაც“. რა თქმა უნდა, პუტინს ესმის, რომ ადრე თუ გვიან, ომის შესახებ სიმართლემ უნდა გაჟონოს. 7 წლის წინ მან გადაწყვიტა, ეღიარებინა, მაგრამ ბოდიში არ მოეხადა.
რეალურად, მან მხოლოდ მცირე ნაწილი აღწერა იმისა, რასაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ამზადებდა, და ეს ბევრად ადრე დაიწყო. მაშინ, 2008–ში მისი ადგილმონაცვლე დიმიტრი მედვედევი შეფის გამართლებას შეეცადა, განაცხადა რა, რომ ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც დაიჯერა მედვედევის ეს სიტყვები, ისევე, როგორც ზღაპრები იმის შესახებ, რომ რამდენიმე ასეულმა რუსულმა ტანკმა სულ რამდენიმე საათში მოახერხა თითქმის 4–კილომეტრიანი, ცალმხრივმოძრაობიანი, უვენტილაციო გვირაბის გავლა.
დროთა განმავლობაში უხერხული კითხვა ბევრი დაგროვდა. თუმცა დასაწყისისთვის ურიგო არ იქნება, მიზეზების ქრონოლოგია ვიცოდეთ.
2001 წლის 13 სექტემბერს „ახალი მემარჯვენეების“ ფრაქციის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. რამდენიმე კვირაში შევარდნაძესთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარს აფხაზეთიდან მეორე დღესვე გაიყვანდა, როგორც კი ამას საქართველოს ხელმძღვანელობა მოითხოვდა. „თუ საქართველო აფხაზეთში საკუთარი იურისდიქციის ძალის გამოყენებით აღდგენას გადაწყვეტს, რუსული ჯარი იქ არ უნდა იყოს“, – განაცხადა პუტინმა.
პარლამენტის გადაწყვეტილება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა – სწორედ ქართული საზოგადოება მოითხოვდა შევარდნაძისგან 300 000–ზე მეტი დევნილის დაბრუნებას აფხაზეთში, საიდანაც ისინი 1993 წელს რუსული ჯარის დახმარებით გამოაძევეს. ჯერ ელცინმა, ხოლო შემდეგ პუტინმა არაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სამართლიანობა აღედგინათ და ომში მონაწილეობისთვის საკუთარი ბრალეულობა ეღიარებინათ. პირიქით, ისინი ყოველმხრივ ეხმარებოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ესმოდათ რა, რომ ქედმაღალი ქართველების დაშანტაჟების უკეთეს მექანიზმს ვერ მოძებნიდნენ.
გადიოდა დრო, კრემლს არაფრის შეცვლა არ სურდა, და ქართულ საზოგადოებაში ვითარება შეიცვალა – ხალხი მიხვდა, რომ ერთადერთი შესაძლო დამცველი შეიძლება, ნატო გახდეს. ამას ბებერი კომუნისტი შევარდნაძეც მიხვდა. 2001 წლიდან დაიწყო აქტიური ინტეგრაცია. პუტინი ჯერ კიდევ იმ პერიოდში იყო, როდესაც ბევრს საუბრობდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ამოცანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ურთიერთობათა აღდგენას ისახავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ის ჯერ ვერ აცნობიერებდა, რა უნდა გამოეყენებინა პირველ რიგში – მათრახი თუ თაფლაკვერი, ამიტომაც ჯარის გაყვანის შესახებ სიტყვები უფრო „თაფლაკვერისგან“ მოდიოდა, მაგრამ მათ უკან მუქარა იგრძნობოდა.
ამას კიდევ უფრო მეტი მოჰყვა. 2002 წლის 11 მარტს ალმა-ათაში, დსთ–ის არაფორმალურ სამიტზე პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ–ის სამხედრო წარმოდგენილობაში არავითარი ტრაგედია „არ არის და ვერც იქნება“, „თუ შუააზიურ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მაშინ საქართველოს რატომ არ უნდა შეეძლოსო?“. იგი თვალთმაქცობდა – ამერიკული ბაზა „მანასი“ მხოლოდ ყირგიზეთში იყო, იქ არ ჰქონდათ იარაღი, ეს იყო სატრანზიტო აეროდრომი. იმავე დღეს ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ 150 ამერიკული ინსტრუქტორი საქართველოში გაიგზავნებოდა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების მიზნით ქართველი სამხედროების გასაწვრთნელად, და 15 მარტიდან ამერიკელები საქართველოს შეიარაღებული ძალების 4 ბატალიონის წვრთნას შეუდგნენ, რათა ქართველ სამხედროებს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება თავად შესძლებოდათ.
პუტინის გარემოცვაში ვითარება აირია, და „ქორები“ შეტევაზე გადავიდნენ: 22 მარტს დიმიტრი როგოზინი რუსეთის მთავრობას საქართველოზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. იმხანად იგი უკვე სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და ავტორიტეტით სარგებლობს. ერთ წელიწადში როგოზინს რუსეთი პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად ნიშნავენ კალინინგრადის ოლქის პრობლემებში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდება, ანუ ევროკავშირთან დაპირისპირების მონაწილედ. 7 წელიწადში, 2008 წელს როგოზინს გზავნიან ბრიუსელში – რუსეთის წარმომადგენლად ნატო–ში, და თითქმის 4 წლის განმავლობაში იგი ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთსა და ალიანსს ურთიერთობები არ ჰქონდეთ. მაგრამ მანამდე, 2002–ში როგოზინმა ნატო–სთან საქართველოს დაახლოების საფრთხის გაცნობიერება დაიწყო.
შემდეგ იყო ბევრი მოვლენა, რომელიც ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციას უკავშირდებოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინთან ურთიერთობების დალაგებას შეეცადა, რამდენჯერმე განაცხადა რა, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას არ აპირებს, მაგრამ რუსეთმა თავისი უნდა გაიყვანოს. წითელი არმიის მიერ 1921 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბებული სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბაზები შტაბით თბილისში 190 000 სამხედრო მოსამსახურისგან, 1,5 ათასი ტანკისგან, 2,5 ათასი საბრძოლო ჯავშანმანქანისგან, 1000 ერთეული შეიარაღებისგან, ყუმბარმტყორცნისა და РСЗО-სგან, 250 საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენისგან შედგებოდა. მათი ნახევარი საქართველოში დისლოცირდებოდა.
თბილისშიც და მოსკოვშიც ესმოდათ, რომ ეს მძლავრი საჯარისო დაჯგუფება ნებისმიერ მომენტში გადააქცევდა საქართველოს მორიგ საოკუპაციო ზონად, როგორც უკვე არაერთგზის მომხდარა 1801 წლიდან. ამიტომაც საქართველომ თავისი ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის მოთხოვნა დაიწყო, და 2005 წელს მოსკოვი დასთანხმდა, 2007–ში კი საქართველო ჯავშანტექნიკით დატვირთულმა ბოლო ეშელონმა დატოვა. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთს საქართველოს კონტროლის ახალი გეგმის შემუშავება მოუწია, რომელიც 2008 წელს ოკუპაციით დასრულდა. მით უფრო, რომ 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის ნატო–ში ინტეგრაციას, ხოლო 2008 წლის იანვარში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 77%–მა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
ომის შესახებ უხერხული კითხვა ბევრია. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი.
გაზეთ „შრომის“ საქმიან დანართ „საქმიან სამშაბათში“ ჩნდება ანტონ კრივენიუკის სტატია: „10 ივლისს ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთმა, გაგზავნა რა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები სამხრეთ ოსეთში და საგარეო უწყების მეშვეობით გვამცნო რა, რომ ეს სწორედ მისი თვითმფრინავებია, პირველად მიანიშნა იმაზე, თუ რა სურს“.
მანამდე ერთი თვით ადრე გაზეთ “Le Monde”-ში პუტინმა ახსენა „ახალი მიგნება“ - ამაჯერად მან საქართველოსთან კონფლიქტის მიზეზად კოსოვო დაასახელა:
„–რუსეთი ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ მათზე თავის კონტროლს აძლიერებს. და საბოლოო სტატუს–ქვო? ხომ არ გაწყობთ ის, რაც არის? იქნებ ეს პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა...
–თქვენ “სეპარატისტული” ახსენეთ? რატომ არ იყენებთ იგივე სიტყვას კოსოვოსთან მიმართებაში? პასუხი არ გაქვთ? – ვერც გექნებათ.
–მაგრამ აფხაზეთიდან ბევრი ქართველი დევნილი არსებობს. იქ სრულიად განსხვავებული ვითარებაა.
–სულაც არა, ათასობით სერბი ვერ ბრუნდება კოსოვოში. ათასობით ათასი. იგივეა. სად ნახეთ, კოსოვოში დევნილები დაბრუნებულიყვნენ?“.
„პუტინი და კრემლის გარემოცვა დაჟინებით უბიძგებდნენ საზოგადოებრივ აზრს იმისკენ, რომ საქართველოსთან ომი გარდაუვალია“
„პუტინი და კრემლის გარემოცვა დაჟინებით უბიძგებდნენ საზოგადოებრივ აზრს იმისკენ, რომ საქართველოსთან ომი გარდაუვალია. და აქ საქმე სულაც არ არის სახელდახელოდ გამოგონილ „მშვიდად მძინარე ცხინვალში“, საქმე საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის აღკვეთის აუცილებლობაშია. ომის დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე რუსულ პრესაში მომავალი სამხედრო ოპერაციის აღწერის შემცველი მასალების გამოქვეყნება დაიწყო. ყველაზე ახლო იმასთან, რაც შემდგომში რეალურად მოხდა, სააგენტო Regnum-ის მიერ 2008 წლის 13 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენება იყო სახელწოდებით “სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ომის პერსპექტივები“. მასში მკაფიოდ გაიწერა ურთიერთობათა ყველა ის ასპექტი, რომელიც კრემლს აღელვებდა: „ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი აშშ–ს გადასცა, აიღო რა თავის თავზე რუსეთის წინააღმდეგ სრულფასოვანი ბუფერის როლი, რომელიც მისი რეგიონული ინტერესების გაძლიერების შესაძლებლობას ხელს უშლის. ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამ, ასევე მრავალწლიანმა მასობრივმა ანტირუსულმა კამპანიამ, რომელიც სააკაშვილმა გააჩაღა, მოსკოვს საქართველოზე გავლენა სრულად გამოაცალა. შედეგად რუსეთი იძულებული იყო, ფაქტობრივად გაჰმიჯნვოდა რეგიონს, დაბლოკა რა სატრანსპორტო კავშირი საქართველოს სამხედრო გზაზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტისა და ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით“.
მოხსენების ბოლოს ნახსენებია ომის მაღალი ალბათობის რეგიონები – კოდორის ხეობა – გალის რაიონი – ოჩამჩირე აფხაზეთში და ცხინვალი – ჯავა „სამხრეთ ოსეთში“. ასეც მოხდა: ჯერ „სამხრეთ ოსეთი“, იმავდროულად მეორე ფრონტი აფხაზეთში, სადაც მთელი ივნისის განმავლობაში რუსეთის სარკინიგზო ჯარები ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მიტოვებულ ლიანდაგს აღადგენდნენ და შემდეგ მისით წინმსწრებად დაიწყეს ჯარების გადასროლა.
- რატომ დაიწყო 14 მარტიდან „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტების მხრიდან ქართული სოფლების დაცხრილვა?
- რატომ იყრიდნენ 1 აგვისტოდან ცხინვალში თავს რუსი ჟურნალისტები, რომელთა რაოდენობა 7 აგვისტოსთვის 50-ს აღემატებოდა? მათ წინასწარ იცოდნენ „მშვიდად მძინარე ცხინვალის“ შესახებ?
- რატომ არ დააბრუნეს წვრთნებში „კავკასია 2008“ მონაწილე რუსული ჯარების დიდი ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე და დატოვეს წვრთნების დასრულების ტერიტორიაზე?
- რატომ დაიწყეს 1 აგვისტოდან „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე შეღწევა ცალკეულმა საჯარისო ქვედანაყოფებმა?
- რატომ შევიდა 3 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე 42–ე მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი?
- რისთვის ჩავიდა 3 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ნიკოლაი პანკოვი და 50-ე არმიის მეთაური , გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი?
- რისთვის ჩავიდა 5 აგვისტოს ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 მოხალისე?
- რისთვის შევიდნენ 6 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტექნიკა, 33-ე ცალკეული სადესანტო-შემტევი სამთო ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი სრული საბრძოლო ტექნიკითა და მარაგით?
- რატომ გაიყვანეს 7 აგვისტოსთვის ცხინვალიდან სამოქალაქო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი?
- რატომ განახორციელეს რუსულმა ავიაციამ და სარაკეტო ჯარებმა 292 დარტყმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით?
8 აგვისტოსთვის ქართული ჯარის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის აღმოჩენის ოპერაცია ჩაატარეს და გამოავლინეს, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა. 12 აგვისტოს აშშ–ის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლის შემდეგაც პუტინი მიხვდა, რომ საქართველოს დაპყრობას ვერ მოახერხებდა. გარკვეული დროის შემდეგ დასავლეთში დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ კინაღამ არ აქციეს პუტინი მორიგ დიქტატორად, რაც მოხდებოდა კიდეც, მას რომ მთლიანად მოეხდინა იმ ქვეყნის ოკუპაცია, რომელსაც ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
„მსოფლიომ საკუთარი შეცდომებისა და პუტინის იმპერიალისტური ზრახვების საფრთხის გაცნობიერება დაიწყო. ამისათვის პატარა ქვეყანამ 11 წლის წინ 5–დღიანი კოშმარი გამოიარა“
ნატო–მ საკუთარი შეცდომის გამოსწორება თითქმის მყისიერად დაიწყო: 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად თბილისში ალიანსის ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა. 15-16 სექტემბერს თბილისში ელჩების დონეზე ნატო-ს საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. 15 სექტემბერს დაფუძნდა ნატო-საქართველოს კომისია, რომელმაც დაიწყო მუშაობა საქართველოსთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენაში, ასევე ნატო–ს წევრობისკენ სვლაში დახმარების გასაწევად. 2010 წლის ოქტომბერში საქართველოში ნატო-სთან კავშირისა და ურთიერთქმედების ბიურო გაიხსნა.
გამოიარა რა სულისშემძვრელი განსაცდელები, სადღეისოდ საქართველო ნატო–სგან ნახევარ ნაბიჯშია. პუტინის მეორე მცდელობამ უკრაინაში იგი უფსკრულამდე მიიყვანა. დასავლურმა სამყარომ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო საკუთარი შეცდომებისა და პუტინის იმპერიალისტური ზრახვების საფრთხის გაცნობიერება. ამისათვის პატარა საქართველომ 11 წლის წინ 5–დღიანი კოშმარი გადაიტანა.
სპეციალურად Крым.Реалии-სთვის
ოლეგ პანფილოვი,
ქართველი პუბლიცისტი, მოსკოვის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი (2000 – 2010)
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021