ჯაღმაიძე: "გუშინდელი გადაცემით გვარამიამ ომი გამოუცხადა ეკლესიას"
18/10/2021 16:16:46 პოლიტიკა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ეკლესიას ომი გამოუცხადა.
ჯაღმაიძე ტელეკომპანიის ეთერში გასულ გუშინდელ გადაცემას ეხმიანება, როდესაც გვარამიამ საკუთარ მონოლოგში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გააკრიტიკა და მისი საკვირაო ქადაგების ნაწილი „სისაძაგლედ“ შეაფასა.
„გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ, ის ნავი, რომელშიც იჯდა თვითონ და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ მრავალი ეპითეტი, იქ გამოთქმული, რომელიც აქ მოწმობს,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, რიგ თეოლოგებსა და ტელევიზიებს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულება აქვთ შეკრული, მათ შორის არიან „ტვ პირველი“; „ფორმულა“ და „მთავარი არხი“.
ცნობისთვის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა და საყოველთაო შერიგების მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს. საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე გაამახილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისადმი 14 ოქტომბრის მიმართვაში, ხოლო პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საკვირაო ქადაგებისას სახარების „არასწორ განმარტებაზე” ისაუბრა. მისი თქმით, იქ არ წერია, რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.
„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.
ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, — დასძინა მან.
გვარამიამ მოსაყდრე შიო გააკრიტიკა და ასევე განაცხადა, რომ მიტროპოლიტი რუსულ უშიშროებასთანაა კავშირში:
„ისმის კითხვა, რას აკეთებდა იგი რუსეთში, ზაგორსკში, როდესაც იგი სწავლობდა – რასაც აკეთებენ სხვები. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებას, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში.
ამ კაცს, რომელსაც შიო ჰქვია, ადგილი აქვს დათმობილი რუსული უშიშროების კარტოთეკაში, მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ მისი თანამშრომლობის წერილით არ შემოიფარგლება. იმ კარტოთეკაში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ვიდეო ფაილია, რომელიც ამ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდეს და ილაპარაკოს ის სისაძაგლე, რაც ჩვენ ახალ მოვისმინეთ. იყოს ქვეყნის მტერი, მისი თავისუფლების მტერი...“.


