IDFI – ახალ კანონპროექტზე: "შეიძლება, მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე"
18/10/2021 20:32:26 პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების განხილვის დაწყებას.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ცვლილებებით განისაზღვრება წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის შინაარსობრივი მოთხოვნები. კერძოდ, იკრძალება იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიმართ „უარყოფითი განწყობის შესაქმნელად“. ცვლილებები ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური სუბიექტის, ისე გამავრცელებლის/მესაკუთრის დაჯარიმების შესაძლებლობას 2000, რიგ შემთხვევებში კი 4000 ლარის ოდენობით.
IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია. მისი შეფასებით, ამ პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც მაღალია როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე. განცხადების თანახმად, სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იწვევდეს ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებით. ამასთან, მას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე.
IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
შპს „ალმას“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა და მისი მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია. შემდეგ კი საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები გახდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.
„ალმას" ბილბორდებზე „სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. მათზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები.
როგორც „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, კომპანიამ არ განათავსა მათი ნეგატიური რეკლამა (ბიძინა ივანშვილის მიმართ), რომლის ხელშეკრულებაც უკვე დადებული იყო.
„ევროპული საქართველოს" ბანერის გაკვრამდე ერთი დღით ადრე სარეკლამო კომპანია „ალმამ" პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა.


