Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი – "3+3"-ზე: „გარე აქტორები რეგიონში თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას არ უნდა შეეცადონ“

სახელმწიფო დეპარტამენტი – "3+3"-ზე: „გარე აქტორები რეგიონში თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას არ უნდა შეეცადონ“

19/10/2021 06:55:20 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "3+3" ფორმატზე (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) პირველ კომენტარს „აქცენტთან“ აკეთებს. კერძოდ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი აღნიშნავს, „გარე აქტორები არ უნდა შეეცადონ რეგიონში თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას“.

„ჩვენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მოვუწოდებთ, ერთად იმუშაონ დავების მოსაგვარებლად და რეგიონალური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი არ უნდა შეეცადონ თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას რეგიონში“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი „აქცენტთან".

შეგახსენებთ, რომ „3+3"–ის შესახებ საქართველოში თავის პირველ ვიზიტად მყოფმა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც ისაუბრა:

„რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ფოკუსირებული უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების დაცვაზე, მანამდე, ვიდრე დისკუსიების ახალ პლატფორმებს დაუჭერს მხარს. ჩვენ, ბუნებრივია, სტიმულს ვაძლევთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად ვიმუშავოთ, გადავწყვიტოთ სადავო საკითხები და გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა“.

ცნობისთვის: მიუხედავად საექსპერტო საზოგადოებაში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებებისა, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბრები თურქეთის პრეზიდენტის მიერ რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის გასულ წელს შეთავაზებულ „3+3“ (იგივე „ექვსწევროვან“) ფორმატზე, რომელიც, როგორც დაანონსდა, რეგიონის კონფლიქტების გადაჭრაზე, ეკონომიკური კავშირების გახსნასა და განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. საწყის ეტაპზე თითქოს მკაფიო იყო თბილისის დამოკიდებულება ამ ჯერ არარსებული პლატფორმის მიმართ, რომელიც, როგორც ექსპერტები თვლიან, რეალურად, რეგიონის დასავლეთისგან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან „ჩაკეტვას“ ისახავს მიზნად და ჩვენს ქვეყანას მარტოდ დატოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანის ამასწინანდელმა კომენტარმა („რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია: ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ“) ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში გაზარდა შეშფოთება და ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამ საკითხის განხილვა დაიწყეს და შესაძლოა, ქვეყანა არასასურველ ურთიერთობებში აღმოჩნდეს ჩართული.

მოგვიანებით საგარეო უწყებამ კრიტიკოსები არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა, თუმცა სადავო განცხადებაში კონკრეტიკა ჯერ კიდევ არ შეუტანია. კერძოდ, მაგალითად, არ უთქვამთ, გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით ჩართულობაში იგულისხმებოდა თუ არა უშუალოდ „ექვსწევროვანი პლატფორმა“? ასევე იგულისხმებოდა თუ არა ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომლის შექმნასაც ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით განიხილავენ, მაგრამ თბილისს საკითხზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია? თუ მინისტრს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაერო–ში გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის თანამშრომლობის თაობაზე?

ზალკალიანის ზემოთხსენებულ კომენტარს წინ უსწრებდა მისი რუსი კოლეგის - სერგეი ლავროვის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადება:

„ვიმედოვნებთ, საქართველოც, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელსაც ახლა განიცდის, დაინახავს თავის ძირეულ ინტერესს კონსულტაციების მსგავსი მექანიზმის ჩამოყალიბებაში რეგიონული განვითარების დასაჩქარებლად, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქ არსებული კონფლიქტები აფერხებდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S