"არჩევნებისთვის სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული"
19/10/2021 09:37:55 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის სრული მობილიზება გამოაცხადა.
იგი მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. სრული მობილიზება ნიშნავს, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ძალიან ბევრ ადგილას, ბევრ მუნიციპალიტეტში ბევრი ჩვენი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე, რადგან მათ სჯეროდათ და დარწმუნებული იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში. ეს არ არის საკმარისი. მინდა, ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


