პრემიერი - სააკაშვილზე: "პროფესიონალი აფერისტია, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ"
19/10/2021 09:50:33 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკებს.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელიც მინიმუმ, 6 წლით მოიხდის სასჯელს.
„ერთი რამ მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და მინდა, ბოდიში მოვუხადო. გარდა აქტუალური თემებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე ყოველდღე საუბარი. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, აღარ გავაკეთოთ სააკაშვილზე კომენტარი. ბუნებრივია, არჩევნებია და მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, შევახსენოთ რეალობა- მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. იგი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ, 6 წელი. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მასკარადი, შეურაცხმყოფელი ქმედება არის მისი მხრიდან. ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ, უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და საქმის კეთებაზე გადავიდეთ. ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ამ ქვეყნაში არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.


