გვარამია– სააკაშვილზე: "3-4 დღეში ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი"
19/10/2021 13:37:18 პოლიტიკა
"ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი ტქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები,
"ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება, რაც მე შევატყვე. თუმცა აბსოლუტურად პარადოქსულად ჩემთვის, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა. არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას, კომუნიკაციას და რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხშია. მგონია, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუმცა ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი", – განაცხადა გვარამიამ.
ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რუსთავის ციხეში ექიმების ჯგუფი იკვლევს.
"უნდა დაველოდოთ ალბათ, კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა არ იქნება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ პატიმრის კლინიკაში გადაყვანის სტანდარტულ ფორმაზე უარი თქვას:
"დარწმუნებული ვარ, აქაც ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ".
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


