ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
19/10/2021 13:56:45 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ხავიერ კოლომინას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ჩემი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში პირველი ვიზტით ყოფნისას მასპინძლობისთვის. დღის მანძილზე გვექნება ბევრი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. თუმცა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან მოვისმინე. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსა და აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში, ასევე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვრით არიან ერთმანეთს დაშორებული. ნატო-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას. აქვე მინდა, აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებენ. ჩვენ მას ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ. და ბოლოს, აუცილებელია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევას და საერთაშორისო მოლაპარაკებებს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელთა მორიგი რაუნდი ახლახანს გაიმართა. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი და მხარი დავუჭიროთ მათ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.


