იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილზე: "პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება"
19/10/2021 18:25:56 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება.
"დღეს გაიმართა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი.
სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ.
კითხვაზე, როდის შეიძლება, გადაიყვანონ ექს–პრეზიდენტი კლინიკაში, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ „შაბათს ან კვირას“.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით ექიმების კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.


