ევროკომისიის წარმომადგენელი: "ჩვენს ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს სასამართლო რეფორმის პროგრესი"
20/10/2021 07:30:15 პოლიტიკა
"საქართველოში ევროკავშირის ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს სასამართლო რეფორმის პროგრესი", – ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება - ესენია ინვესტიცია და მმართველობა.
"ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროებში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია არამარტო საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ მიერ გაწეული დახმარება საკეთილდღეო იქნება ყველა მოქალაქისთვის", – განაცხადა ლორენს მერედიტმა.


