"ლელომ" და "დროამ" კოალიციური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
20/10/2021 12:30:22 პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა– "ლელომ" და "დროამ" კოალიციური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
"დღეს შევიკრიბეთ პარტია "დროა" და პარტია "ლელო საქართველოსთვის", რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი და ერთიანი პლატფორმა, იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური, მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ პროდასავლური კოალიციური მმართველობა", - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" წევრმა მამუკა ხაზარაძემ.
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა "ქართული ოცნება" საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს, პოლიტიკური ძალების გაერთიანება კრიტიკული მნიშვნელობისაა:
"ამ მომენტში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა- კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური ცივილიზებული სახელმწიფო. დღეს ეს გადის ორ რამეზე, ესაა ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება[...] მე დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ჩვენ ამ ბრძოლაში ვერთიანდებით".


