ზაზა ფირალიშვილი: „ახლა ნიჰილიზმის დრო არაა, უნდა გავბედოთ და ვთქვათ!“

20-10-2021 17:30:13 ინტერვიუ

მმართველი პარტიის გენმდივნის, დედაქალაქის მერისა და მერობის კანდიდატ კახა კალაძის დაპირება, „მზად ვარ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა, რომ ეს პოლარიზება დავასრულოო“, მხოლოდ სამდღიანი აღმოჩნდა. თუ თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის პერიოდში კალაძე თითქოს ცდილობდა, თანაგუნდელების მძიმე ლექსიკას გაჰმიჯნვოდა და ამომრჩევლის წინაშე უფრო მეტად საქმიანი იმიჯით წარმსდგარიყო, მოსახლეობისადმი 18 ოქტომბრის მიმართვამ "ენმ–ის სახით ბოროტებისა და ბოლშევიზმის საბოლოოდ დასრულების" შესახებ ეს შთაბეჭდილება გადახაზა: გაირკვა, რომ კალაძე სულაც არ გეგმავს, უარი თქვას „ქართული ონების“ გზავნილზე „ნაცობა სირცხვილია“ და პოლიტიკური ოპონენტებისადმი სიძულვილის გაღვივებაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ლამის ერთადერთ საარჩევნო ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.

ამასთან, მართალია, რიგი სასულიერო პირები, მათ შორის, წმინდა სინოდის რამდენიმე წევრი საყოველთაო შერიგების მოწოდებით გამოდიან და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ პეტიციასაც მოაწერეს ხელი, მაგრამ თუ მათი მცირე რაოდენობითა და ამასთანავე, პატრიარქის თანამოსაყდრის - მეუფე შიოს ამასწინანდელი ქადაგებით ვიმსჯელებთ, საზოგადოებაში ღრმა პოლარიზების დაძლევას თუ არა, შემცირებას მაინც მხარდამჭერები, სამწუხაროდ, არც საპატრიარქოში ჰყავს.

რა რისკებს ქმნის დაძაბულობის არსებული ხარისხი, რომელიც ბევრს საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს – 90–იან წლებს მოაგონებს? ამ რისკების გათვალისწინებით, რამდენად პასუხისმგებლობიანია წამყვანი პოლიტიკური და სასულიერო აქტორების პოზიცია და რაშია გამოსავალი პროცესების მძიმე სცენარით შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი: საქმე საკმაოდ რთულადაა. პოლარიზაციას ემატება ისიც, რომ მთავარი სუბიექტები, რომლებიც ამ დაპირისპირებას ქმნიან, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ტოვებენ რესპექტაბელურის შთაბეჭდილებას. ვგულისხმობ, ერთის მხრივ, „ოცნებას“, რომლის ამჟამინდელი ლიდერების განცხადებებისთვის (განსაკუთრებით - დასავლეთის წარმომადგენლების კონტექსტში ) სახელის შერჩევაც კი მიჭირს და ეს ან პოლიტიკური უუნარობის გამოვლინებაა, ან მიზანდასახული საბოტაჟი, ხოლო მეორეს მხრივ – ენმ-ს, რომლის მიმართაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ნდობა სავალალოდ მცირეა. სწორედ ამის გამო ვერ აჭარბებს ეს პოლიტიკური ძალა იმ კრიტიკულ ზღვარს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მსგავსი ფაქტორების შედეგად უნდა აღწევდეს: ამან შფოთი და ენმ–ის მომხრეების მობილიზება გამოიწვია, მაგრამ არა ზვავისებური პროცესები, რადგან ენმ–ის მმართველობის წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია.

აი, ამ ვითარებაში ვართ და მიჭირს, წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება, განვითარდეს პროცესები ხვალ და ზეგ.

- როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პროგრამის ნაცვლად სიძულვილს აქცევს მთავარ საარჩევნო ინსტრუმენტად და მის ირგვლივ ცდილობს მოქალაქეების მობილიზებას, რაზე მეტყველებს ეს, თქვენი დაკვირვებით?

- ეს პოლიტიკური უმწეობის ნიშანია, რომელიც სხვა მიმართულებებშიც ვლინდება: ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში... „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას პოზიტიური მსოფლმხედველობა ვერ შესთავაზა. მთელი ეს წლები მმართველმა ძალამ ნეგატივზე ააგო. დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ "სრულ განადგურებაზე" ლაპარაკობენ. არადა, ამ დროს ქვეყნის მმართველები არიან! როდესაც მმართველს არ შეუძლია, თავის საზოგადოებას პოზიტიური იდეოლოგია შესთავაზოს, ის თავს რეალურ მმართველად ვერ გრძნობს, თავისი როლი გაცნობიერებული არ აქვს. ცხადია, პოზიტიურ იდეოლოგიას ვერ შექმნიდა ხალხი, რომელმაც დაბლოკა ანაკლიის, ბოჭკოვანი კავშირგაბმულობისა და სხვა პროექტები.

- ამ მკვეთრი დაძაბულობის ფონზე მოვისმინეთ პატრიარქის მოსაყდრის განცხადებაც: "საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, "ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყველას შეურიგდე", მაგრამ ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერიაო". შემდეგ საპატრიარქოს პრეს-სამსახურმა სცადა, განემარტა, მეუფე შიოს „პარტია არ დაუსახელებიაო“. მაგრამ აქ დროს და კონტექსტს მნიშვნელობა ხომ აქვს? საკითხის წმინდად რელიგიურ მხარეს რომ შევეშვათ, რამდენად სახელმწიფოებრივია ინსტიტუტისგან, რომელიც გაყოფილ საზოგადოებაში ერთგვარი სიმშვიდის შემომტანი, გამაერთიანებელი უნდა იყოს, მსგავსი გზავნილების გაჟღერება?

- ამ საკითხში ვერ ვიქნები ორიგინალური: ბევრს უთქვამს უკვე, რომ ჩვენს ეკლესიაში, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც პატრიარქს წლები შეეპარა და ენერგიულად ვერ ერევა ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც ჩანს, წინა პლანზე ახალგაზრდები წამოვიდნენ, რომელთაც ერთი სული აქვთ, საკუთარი ძალაუფლება პოლიტიკურ სივრცეში გადაიტანონ. და ასეთი არა მხოლოდ პატრიარქის თანამოსაყდრეა.

გარდა ამისა, უხერხული კია საერო პირისგან ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ შეწყალება და მიტევება: მიტევება არა სამართლებრივი ან პოლიტიკური, არამედ წმინდა წყლის ქრისტიანული აქტია. შესაძლოა, მიუტევონ იმ ადამიანსაც კი, რომელიც ეშაფოტზე აჰყავთ რაღაც საშინელი დანაშაულის ჩადენის გამო, მაგრამ ეს არ აუქმებს სამართლებრივ განჩინებას. შეწყალება კი სხვა რამაა. ამიტომ ვისურვებდი, რომ ვიდრე მსგავს განცხადებებს გააკეთებდნენ, აღნიშნული კატეგორიები ერთმანეთისგან განასხვავონ.

პოლიტიკური შინაარსით ზედმეტად დატვირთული განცხადება ამ ვითარებაში სიკეთის მომტანი რომ არაა, ეს ნათელი უნდა იყოს. ეკლესიას შეუძლია, მძიმე პოლიტიკური ცენტრი შექმნას, რომელიც კიდევ უარეს ქაოტურ ვითარებაში ჩააგდებს ქვეყანას: თუ ახლანდელი დაპირისპირებული სუბიექტები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ენაზე მეტყველებენ, მათ [სასულიერო პირებს – რედ.] პოლიტიკის და ეკონომიკის არაფერი გაეგებათ და ნაციონალისტურ–მისტიკური წარმოდგენების ტყვეობაში მოგვაქცევენ. ამაზე დიდი უბედურება დღეს საქართველოსთვის არ მეგულება.

- თქვენ მძიმე სცენარი წარმოგვიდგინეთ. მინდა, იმაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუ რა რისკები ახლავს თან ღრმა პოლარიზებას...

- რისკები ნათელია: თუ საერთაშორისო პრესას გადავავლებთ თვალს, სამწუხაროდ და სავალალოდ, შეგვხვდება მინიშნება იმაზე, რომ არასახელმწიფოებრივი ერი აღმოვჩნდით, რომ არ აღმოგვაჩნდა უნარი, სახელმწიფო შეგვექმნა. სახელმწიფო როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური კულტურისათვის პირველ რიგში, დიალოგისა და თანამშრომლობის უნარს გულისხმობს და არა ძალაუფლებისათვის იმ ბარბაროსულ ბრძოლას, რომელსაც დღეს ვადევნებთ თვალს. ჰგვანან იმ წვრილ ფეოდალებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ ერთმანეთს. ეს სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი არაა და სწორედ ესაა უბედურება!

აქვე უნდა ითქვას, რომ საზოგადოება არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ მზადაა, მიიღოს ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესები, თუმცა იმიტომაა არჩევნებზე ასეთი პასიური, რომ მის მნიშვნელოვან ნაწილს ამ ვაქჰანალიაში მონაწილეობის მიღება არ სურს (რითაც შემდეგ არსებული პოლიტიკური აქტორები სარგებლობენ). გაიხსენეთ, რა იოლად მიიღეს ადამიანებმა ყოველდღიური კორუფციული ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ზომები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააჩაღა. ის ახლაც მზადაა, თუმცა მხოლოდ მტრობას და დაპირისპირებას სთავაზობენ.

საკმარისია, შედარებით მეტად პოლიტიკური რესპექტაბელურობა ახასიათებდეს რომელიმე პოლიტიკურ აქტორს - და მომენტალურად ექცევა ყურადღების ცენტრში. გავიხსენოთ იგივე გიორგი გახარია: სრულიად ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა პარიამ ხმათა 8% რომ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები არა საკუთრივ გახარიას, არამედ მეტ რესპექტაბელურობას ელოდებიან პოლიტიკურ ქცევაში, მეტ სიდარბაისლეს, ნაკლებად მტრულ რიტორიკას.

- უშუალოდ ჩვენი საუბრის თემა არაა, მაგრამ რაკი ვახსენეთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ პოლარიზებამ ეს ახლადშექმნილი პარტიაც „აზარალა“...

- აზარალა სააკაშვილის ჩამოსვლამ, რამაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა. უნდა ითქვას, რომ მათ შორის ბევრი იყო, ვინც უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერშიფით და ამას არც მალავს. მეტიც, უშუალოდ „ქართული ოცნების“ რიგებშიც არ მალავენ უკმაყოფილებას იმ „უცნაური“ განცხადებებით, რომლებსაც ეს ყმაწვილები აკეთებენ.

- და ბოლოს, იმ მოცემულობაში, როდესაც, როგორც აღნიშნეთ, არ ჩანს მეტად რესპექტაბელური პოლიტიკური აქტორი, არც ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოებაში სიმშვიდეს შეიტანდა, ვითარების განმუხტვის შესაძლებლობასა და პროცესის „ცირკიდან“ პოლიტიკაში გადანაცვლების შესაძლებლობას რაში ხედავთ?

- მყისიერი გამოსავალი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, რომ ველოდოთ ბაზალეთის ტბის ძირიდან, აკვნიდან ვიღაცის წამომართვას. გამოსავალი ერთია: პოლიტიკოსები უნდა ვაიძულოთ, გვიგდონ ყური. მხოლოდ ის კი არ მოისმინონ, რისი მოსმენაც აწყობთ, არამედ საზოგადოებას ყური კარგად დაუგდონ. მათ უნდა იგრძნონ, რომ იმთავითვე ეჭვით ვუცქერთ მათ ყოველ აქციას, რომ კარგად გამართული პიარ–ხრიკებით თავს ნებისმიერ სისულელეს ვერ მოგვახვევენ. ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის! ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, „არ მოგვწონხართ! ვიდრე ასე მოიქცევით, თქვენთვის სახელმწიფოს მინდობა არ შეიძლება!“. თუ ეს პოლიტიკოსებმა ვერ იგრძნეს და კვლავ მიგვიჩნიეს ამორფულ ბრბოდ, რომელსაც სურვილისამებრ მოზელენ, რა თქმა უნდა, გამოსავალი არ იარსებებს. მაგრამ როგორც კი მათ ამ ამორფული ბრბოს ნაცვლად დახვდებათ საზოგადოებასთან ახლოს მდგომი წარმონაქმნი, სადაც ინდივიდუალურ დონეზე მაინც, ადამიანების კრიტიკული რაოდენობა ბედავს და ამბობს იმას, რაც ვთქვი, პოლიტიკოსებიც ფრთხილები გახდებიან და საკუთარ ბონაპარტისტულ ვნებათაღელვას უკანა პლანზე გადაწევენ.

სამწუხაროდ, ჩვენი მასმედია კიდევ უფრო აღვივებს ამ დაძაბულობას სკანდალების ძიებით. საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ვიგრძნოთ და დავიბრუნოთ ფუნქციები, მათ შორის - ამომრჩეველმაც, მაგრამ უპირველესად, მედიამ, რადგან მას აქვს პროცესებზე ყველაზე დიდი გავლენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები