ღარიბაშვილი - ოპოზიციის კოალიციაზე: "რომელ ნორმალურს შეეძლო, დაეჯერებინა ეს ფარსი"
21/10/2021 09:33:27 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას თბილისის მერობის არჩევნებისთვის ფარსს უწოდებს.
"რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი ბანკშიც", ხაზარაძის ოფისებში და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. ასევე, რა თქმა უნდა, იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა და ათასობით და ათობით ადამიანია დაზარალებული, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ის ფარსი, რომელიც ვიხილეთ, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც", – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის მერობის მოადგილეობის 4 კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან:
- მამუკა ხაზარაძე - "ლელო";
- ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
- ელენე ხოშტარია - "დროა";
- ირაკლი აბესაძე - უპარტიო.


