"ოცნების" რეაქცია ოპოზიციის კოალიციაზე: "ფარსი, დაშლილი და შეერთებული ენმ"
21/10/2021 09:50:46 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას თბილისის მერობის არჩევნებისთვის "ფარსს" უწოდებს.
"რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის, ბანდიტის მორჩილი მსახური. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო შემსრულებელი ამ მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი ბანკშიც", ხაზარაძის ოფისებში და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. ასევე, რა თქმა უნდა, იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს სააკაშვილის დროს. ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა და ათასობით და ათობით ადამიანია დაზარალებული, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ის ფარსი, რომელიც ვიხილეთ, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დედაქალაქის მოქმედი მერი, თბილისის მერობის კაბდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე აცხადებს, რომ კოალიციურ კაბინეტი "დაშლილი და შეერთებული "ნაციონალური მოძრაობაა":
"ძალიან სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო. თბილისის საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა" და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი "ნაციონალური მოძრაობა" - დაშლილი და შეერთებული".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კოალიციური კაბინეტი "უაზრო თამაშია":
"რეალურად, ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე. გახსოვთ, რომ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია. ეს არის რაღაც უაზრო თამაშები, რა თქმა უნდა, თბილისში კონკრეტულად კახი კალაძე უპირობოდ, დამაჯრებელად მოიგებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს 19 მუნიციპალიტეტში“.
დეპუტატი "ოცნებიდან" გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ლელო" და "გირჩი" "ნაციონალური მოძრაობის" დანამატები გახდნენ:
"ვერა და ვერ ისწავლა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოების გადაწყვეტილების შესაბამისად ის, რომ დამოუკიდებელი ნიშა დაიკავონ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 2020-ის და 2021-ის არჩევნებმა აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ძირითადად მხარდამჭერების რაოდენობა დაკარგა, ნაწილმა ჭკუა ისწავლა და მცდელობა აქვთ დამოუკიდებლად ითამაშონ, მაგრამ როგორც ჩანს "ლელოს" და "გირჩის" გადაწყვეტილება, გავს "მგლის თავზე სახარების კითხვას", მაინც "ნაციონალურ მოძრაობაში" არა მხოლოდ ცალი ფეხით არიან, არამედ პრაქტიკულად დანამატი გახდნენ "ნაციონალური მოძრაობის".
20 ოქტომბერს ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის მერობის მოადგილეობის 4 კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან:
- მამუკა ხაზარაძე - "ლელო";
- ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
- ელენე ხოშტარია - "დროა";
- ირაკლი აბესაძე - უპარტიო.


