„ევროპული საქართველოს“ გენმდივანი – კოალიციურ გუნდზე: "მე მას კლასიკურ კოალიციად არ ვთვლი"
21/10/2021 12:27:16 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის გუნდს "კლასიკურ კოალიციად" არ განიხილავს.
„მე მას კლასიკურ კოალიციად არ ვთვლი. კოალიციები დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას უბრალოდ ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით ახლა აქ ეს მდგომარეობა არა გვაქვს. მე ამას დავარქმევდი სწორ ნაბიჯს მელიას მხრიდან. იგი გამარჯვების შემთხვევაში ასე ვთქვათ, სთავაზობს ერთობლივ მართვას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს. ანუ ეს გუშინდელი წარდგენა, ჩემის აზრით, უფრო იყო წინასაარჩევნო ერთობის დაფიქსირება მეორე ტურების წინ, რათა მოხდეს ამომრჩევლების ხმების გაერთიანება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
ამასთან, მისი თქმით, გუნდის წარდგენით შესაძლოა ყველაზე უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი დარჩენილიყო:
„სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვება თითქოს მათ ეკუთვნით და ისინი თმობენ რაღაცას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ, რომ მარტო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ. ამ გამარჯვებაში წვლილი იქნება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის, რომელიც ნიკა მელიას მისცემს ხმას“.
მან იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩეველი მეორე ტურებში გასული ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ მისცემს ხმას.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურების წინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატები დაასახელა. გუნდში შევიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოს", "ერთიანი საქართველოს", "დროას" წევრები და ასევე რამდენიმე უპარტიო კანდიდატი.


