"ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ"
22/10/2021 08:15:52 პოლიტიკა
"ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "ფარსი, რომელიც მათ დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, საკუთარი თავის მოტყუებაა".
„თავის თავს რომ ატყუებენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას, შეურაცხყოფას აყენებენ ამით. რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ჰგონიათ, ადამიანები ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი. ვინ არის „გირჩი“ - ზურა ჯაფარიძე? „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ. კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მატი ნატურა არ შეიცვლება. იგივეა, კაცმა ეშმაკს დაუჯეროს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის: 6 ოქტომბერს ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს და თბილისის თავკაცი გახდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე უარს იტყვის. იგივე გაიმეორა მან მოგვიანებით დედაქალაქის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის წარდგენის ღონისძიებაზეც.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი, ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამოანიაში სააკაშვილი-მელიას დაპირისპირების სადეზინფორმაციო "კარტის" გათამაშებას აგრძელებენ.


