ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ბევრი მნახველი მიდიოდა, იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა"
22/10/2021 08:20:45 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ადოლფ ჰიტლერს ბაძავს"
"შედარება მინდა გავაკეთო. არარელევანტური შეიძლება იყოს, სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“გამოდის, რატომ? როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, "სააკაშვილმა ქვეყანა დაანგრია":
"მან გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა, მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება, ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთის მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“.


