"არავის აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, მათ შორის არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს"
22/10/2021 10:45:58 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში "მართლმსაჯულების პოლიტიზებას" ცდილობენ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობები საქართველოში წარმატებული ვეღარ იქნება.
„პრაქტიკულად, სახელი და გვარები არ იცვლება, საქართველოში მთელი ამ ცხრა წლის მანძილზე ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ცალკეულ შემთხვევებში, ეს მცდელობა სამწუხაროდ, წარმატებული იყო და რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. იგივე გახსოვთ რურუას, მელიას, უგულავას, ოქრუაშვილის შემთხვევა, ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ იქნება წარმატებული საქართველოში. ჩვენ არავის, მათ შორის არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა“, – განაცხადა კობახიძემ.


