"1000-მა პატიმარმა უცებ შიმშილობა რომ გამოაცხადოს, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში, ბუნებრივია, ვერ გადაიყვანენ"
25/10/2021 10:38:37 პოლიტიკა
"1000-მა პატიმარმა უცებ შიმშილობა რომ გამოაცხადოს, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში, ბუნებრივია, ვერ გადაიყვანენ", – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, „როდესაც პატიმარს ეხება საქმე, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე".
"რომ გამოაცხადოს 1000-მა პატიმარმა უცებ შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში, ბუნებრივია, ვერ გადაიყვანენ. არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა თუ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჭამოს, იშიმშილოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ ციხე, რა იყო 2012 წლამდე, რა არის დღეს და ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. მიხეილ სააკაშვილს, მადლობა ღმერთს, არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტის ციხე, ადამიანის უფლებები არის დაცული და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად",- განაცხადა კობახიძემ.


