კობახიძე - სააკაშვილზე: "არის საკვების მიღების პრეცედენტი...კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ"
25/10/2021 10:50:16 პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო. თუმცა კობახიძემ თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, რა სახის საკვებზე იყო საუბარი .
„რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ. თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო განცხადების გაკეთებას, ისინი ამაზე განცხადებას გააკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.


